Showing posts with label Tbilisi Gay scene. Show all posts
Showing posts with label Tbilisi Gay scene. Show all posts

Tuesday, September 23, 2008

ქალაქის ცრუ თუ ნამდვილი გეი სიმბოლოები

თბილისს, როგორც ყველა ანტიკურ ქალაქს, თავისი ფარული გეი ისტორია აქვს. ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა, ხან ფარულად - შეპარვით, ხანაც ჭორებისა და მითების დონეზე. თუმცა სადავო მაინც ბევრია.

ის რომ „კინტო“ ორიოდე საუკუნის წინ ლამის გეის სინონიმი იყო აღარ დაობენ. არც ძველი ქალაქური სიმღერის ავტორი, გულისამაჩუყებლად წითელპერანგა პატარა ბიჭს რომ დაეძებდა, იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და არც სიმღერის „ადანდალი დანდალი ჩემი ოქროს შანდალი“ ავტორი გულისზმობდა „შანდალში“ შანდალს. დარწმუნებული ვარ მტკვრის კალაპოტი ჯებირებით რომ არ შემოეზღუდათ დღესაც იარსებებდა კუნძული „მადათოვი“ და დიდ კონკურენციას გაუწევდა თბილისის სახელგანთქმულ „პლეშკას“. არაფერს ვამბობ აწგანსვენებული „ჭრელი“ აბანოს საერთო აუზზე, რომელიც ხშირად დიდ სიურპრიზებს უმზადებდა ჩვენი ქალაქის არატრადიციული ორიენტაციის მკვიდრებსა და სტუმრებს.

მიუხედავად ცისარტყელისფერი დროშების არ არსებობისა ქალაქს მაინც გადაკრავს თბილი ცისფერი ფერი. ორიოდე დღის წინ ამ ფაქტზე ჩემმა ერთმა გერმანელმა მეგობარმა დამაფიქრა. ბოლო სამი წლის მანძილზე მან ჩემზე კარგად აუღო ალღო თბილისის დახლართულ სიმბოლოებსა და ქუჩებს. რაც მთავარია კარგად დამისაბუთა, რომ ყველა ცნობილი „გეი ატრაქციონი“ ურბანული სიმბოლიკის, სახელის ან ისტორიული კონტექსტის გამო იქცა გეი კონტექსტის მატარებლად და პირიქით. ანუ ამ ადგილებთან დაკავშირებულმა „ისტორიულმა“ პრაქტიკამ ამ ადგილებზე სიმბოლოების ინსტალაცია და ტოპონიმიკის ცვლილებები გამოიწვია.

მოდით მივყვეთ ფაქტებს. მზეჭაბუკი „ფოთოლა“ - სპორტის სასახლის წინ მდებარე ვნებიან-დუნდულებიანი ყმაწვილის ქანდაკება ბევრისთვის საყვარელი პაემანების ადგილია. კავშირი აშკარა და უტყუარია!

ქალაქის მთავარი „პლეშკა“ ჩელუსკინელების ხიდთან იღებს სათავეს და გმირთა მოედნის ტერრიტორიაზე სრულდება. პეშკის დასაწყისში ამაყად წამოჭიმული, ოქროს პირსახოც შემოხვეული „პრომეთეს“ ქანდაკება გეი-თბილისის განუმეორებელ „ლანდსქეიფს“ წარმოადგენს. მზეჭაბუკის არ იყოს პრომეთეს შესაშური ტაკუცუნები გაუკეთა ავტორმა და ხელში ცეცხლის ალი დააჭერინა.
ცნობილი „პეროვსკაიას“ ქუჩა, ძირძველი თბილისური „გეი სცენა“ გასული საუკუნის 90-იანების შემდეგ, ახლა ელ. ახვლედიანის სახელობისაა ;)
ე.წ. ალექსანდროვის ბაღი, ქალაქის გულში ძალიან ლამაზი და ძველი ბაღი, რომელიც ასეთივე ძველი „კრუიზინგ“ არეაა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბაღი ცისფერი გალერეის უკან მდებარეობს? როგორია?

ყაზბეგის გამზირზე წითელი ბაღი ჩემი ბავშობიდანვე „უცნაური“ რეპუტაციის სარგებლობს. არცაა გასაკვირი, რომ მისი ძირძველი სახელი „ბლიადსკი“ პარკია ;) ისე ბაღში გვიან თუ გაგისეირნიათ, მიხვდებით რომ სიტყვა „წითელი“ არამარტო წითელი აგურის ნაფხვენიდან მოდის უხვად რომაა მიმოფანტული. ისე მე ცისფერ ბაღს დავარქმევდი.

შარდენის მიდამოები, მანთაშოვის რიგი - კიდევ ერთი ცნობილი „გეი კრუიზინგ არეაა“. და რა თქმა უნდა „არეა“ ფარაჯანოვის გენიალური ძეგლით იწყება. (ისე კომპოზიციას ბახუსი კი ქვია)

რუსთაველის გამზირი, რომელიც მერიის წყალობით მართლა ძალიან ლამაზ ქუჩად გადაიქცა, ყოველთვის წარმოადგენდა მთავარ „კრუიზინგ არეას“. წვაავთ? ტარიელისა და ავთანდილის სიყვარულის ამბავი ხომ საუკუნეებია ლეგენდადაა ქცეული.
პუშკინის სკვერი - ბოლო დროის პოპულარული „გეი კრუიზინგ არეაა“. მართალი გითხრათ ჭირს სიმოლოების განსაზღვრა. პუშკინი ცნობილი იყო როგორც gay-friendly ადამიანი. პუშკინი თავად სთრაიტი ძალზედ ახლო მეგობრობდა ფილიპ ვიგელთან, რომელიც ცნობილი იყო ჰომოსექსუალური მიდრეკილებებით.
მოკლედ ბევრი შიძლება კიდევ დავწერო აბანოთუბანზე, ქართლის დედაზე (რომელიც მარცხნიდან პროფილში სრულებით არაა დედა. ეგეთ დედას სასწრაფოდ ესაჭიროება კუზანოვის კლინიკაში ოპერაცია), ბერიკაობის ქანდაკებაზე ბარათაშვილის ხიდთან და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ჩემი გერმანელი მეგობრის ხუმრობაში სიმართლის მარცვლებიც უხვად დავინახე.
ამ ამბავმა კარგ ხასიათზე დამაყენა. მთავარია ჩვენმა „ნაცისტებმა“ არაფრი გაიგონ.
Blog Widget by LinkWithin